ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში ცვლილება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
სებ-ის გადაწყვეტილების თანახმად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება, მის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის ყველა სივრცეში/არხში (სათავო ოფისი, ფილიალი, თვითმომსახურების კიოსკი, ვებგვერდი, აპლიკაცია და სხვა), მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას და ფორმით განათავსოს ან მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული პირის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
“ცვლილება უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმირებულობის ზრდას და ამ გზით მათი ინტერესების დაცვას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნის პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულების პროცესს. ცვლილება თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ვირტუალური აქტივის მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასთან.
ამასთან, ეს იქნება დამატებითი მექანიზმი, რომელიც გაამარტივებს ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობის ლეგიტიმურობის დადგენას.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი რეგულარულად ახორციელებს იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებს ვირტუალური აქტივის მომსახურებას და შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. აღნიშნულის თაობაზე, ეროვნულმა ბანკმა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა მოქალაქეებს, არ ისარგებლონ არარეგისტრირებული სუბიექტის ვირტუალური აქტივის მომსახურებით.
რეგულირების წესში ცვლილება 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პარალელურად, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რაც VASP-ებზე ეროვნული ბანკის რეგულაციებს აფართოებს.
ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების მიერ არის მომზადებული და კანონპროექტით შემოდის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) ანუ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირება. თუკი აქამდე VASP-ების რეგულირება მათი რეესტრის წარმოებით და ლიცენზიების გაცემით შემოიფარგლებოდა, ახლა სებ-ს VASP-ების საქმიანობის უფრო ყოვლისმომცველი რეგულირება შეეძლება, რაც კლიენტთა მომსახურების საკითხებსაც დაარეგულირებს.